1. ფიზიკური ფაქტორი და წარმატება
ფიზიკური ვარჯიში რაგბიში წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება. ბევრი მწვრთნელი გამარჯვებას კარგად შერჩეული ფიზიკური მომზადებით ხსნის. მრავალი მათგანი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ძირითად აქცენტს თავისი გუნდის ფიზიკურ ფორმაზე აკეთებს და ბოლოს ბევრია ისეთიც, რომელიც ფიზიკურ ფაქტორს წარმატების გადამწყვეტ ელემენტად მიიჩნევს.
ჩვენ არ გვინდა ეს ფაქტორი წარმატების აბსოლუტურ იარაღად წარმოვაჩინოთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა რაგბიში არავითარ ეჭვს არ იწვევს.
მნიშვნელობა მით უფრო თვალშისაცემი გახდება თუ შევადარებთ 1960 და 1985 წლების რაგბის. არ შეიძლება არ გაგვაოცოს რიტმის ცვლილებამ, მოთამაშეთა საკვირველმა ძალისხმევამ, ხისტმა, ხანდახან შესაძლებლის ზღვარზე მყოფმა კონტაქტმა, მოკლედ მორაგბეთა სულ უფრო და უფრო შესანიშნავმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა.
დღეს უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენს 2 მეტრიანი თავდამსხმელი, რომელიც 100 კგ-ზე მეტს იწონის და 100 მ-ს 11 წამზე ჩქარა ფარავს.
ნებისმიერი მწვრთნელისათვის, რომელსაც სავარჯიშო პროცესის ოპტიმიზაცია და გუნდის უმაღლეს დონეზე აყვანა სურს, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს მოთამაშეთა ათლეტური თვისებების განვითარება და საჭირო მომენტში მათი ფორმის პიკში მიყვანა.
2. ტექნიკურ-ტაქტიკური ფაქტორი
წარმატების მიღწევაში ფიზიკური ფაქტორის გადამწყვეტ ელემენტად გამოცხადება სულაც არ ნიშნავს ტექნიკურ-ტაქტიკური ფაქტორის მეორეხარისხოვნად მიჩნევას.
ბურთი ხშირად იყო უგულვებელყოფილი, როდესაც ვარჯიშის მიზანს ფიზიკური მომზადება წარმოადგენდა. დიდი ხნის მანძილზე რაგბისათვის ორიენტირი მძლეოსნობიდან გადმოღებული მოდელი (ძირითადად სირბილი იყო), რომელიც თამაშის ძირითად შემადგენელ ნაწილს, ბურთს, უგულვებელყოფდა.
ამასთანავე იმ მწვრთნელების პედაგოგიური მიდგომა, რომლებიც წარმატების საწინდარს ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალურ თვისებებსა და ამ თვისებების მექანიკურ ჯამში ხედავენ, უგულვებელყოფდა მეორე ძირითად შემადგენელ ნაწილს: ორთაბრძოლის კოლექტიურ ასპექტს.
ამგვარად მცდელობა გავაცალკეოთ ფიზიკური და ტექნიკური, ფიზიკური და კოლექტიური მომზადება წარმოადგენს საკითხისადმი მეტად გამარტივებულ მიდგომას. ღაც უფრო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული თამაშის შემადგენელი ნაწილები, მით უფრო ძნელია მათი ხვედრითი წილის დადგენა წარმატებაში.
3. ფიზიკური მომზადება და ~კომპლექსური ვარჯიში~
~კომპლექსური ვარჯიში~ განსხვავდება იმ პროცესისაგან, რომელსაც ტრადიციულად ფიზიკურ მომზადებას ეძახიან და რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ მოთამაშის ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებით შემოიფარგლება. ჩათვალა რა, ფიზიკური ფაქტორი, როგორც ცალკე მდგომი ელემენტი, ფიზიკურმა მომზადებამ გამოთიშა იგი თამაშის სხვა რეალობებისაგან და შემოიტანა მომზადების სხვადასხვა ფორმებს შორის თვითნებური გამიჯვნა.
დავასათაურეთ რა ეს წიგნი ~კომპლექსური ვარჯიში~ ჩვენ გვსურს მივანიშნოთ, რომ ტრადიციული ფიზიკური მომზადების მიღმა ვიმყოფებით.
ემიჯნება რა მძლეოსნურ პედაგოგიკას, რომელიც იგნორირებას უკეთებს ბურთსა და ორთაბრძოლას, უარყოფს რა ~ტექნიკოსთა~ პედაგოგიკას, რომელიც უგულვებელყოფს კოლექტივის ფაქტორს, ~კომპლექსური ვარჯიში~ საწვრთნელ პროცესს შემდეგი კუთხით უდგება: უეჭველად აძლევს უპირატესობას ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას, მაგრამ თამაშის ტექნიკურ და ტაქტიკურ შემადგენლებთან კავშირში.
თვლის რა, რომ ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური ელემენტები განუყოფელია ერთმანეთისაგან, ~კომპლექსური ვარჯიში~ გვთავაზობს მუშაობის მეთოდს, რომელიც პარალელურად და ერთმანეთთან ურთიერთკავშირში დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ არამარტო ცალკეული მოთამაშეების, არამედ მთლიანად კოლექტივის ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სპორტის კოლექტიურ სახეობაში გუნდის მომზადების დონე არ განისაზღვრება ცალკეული მოთამაშეების მომზადების დონის უბრალო ჯამით.
~კომპლექსური ვარჯიშის~ ძირითადი პრინციპი და საბოლოო მიზანი არის თამაშის ტექნიკურ ტაქტიკური ასპექტების დაუფლება მაქსიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოებული ფიზიკური დატვირთვების საფუძველზე.
სახის მუშაობის ჩასატარებლად მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, რათა ორი ძირითადი წინაპირობა შეასრულოს:
- შეადგინოს მთლიანი სეზონისათვის მომზადების საერთო წინასწარი გეგმა.
- ააგოს ვარჯიშები ისე, რომ ისინი პასუხობდნენ ამ საერთო გეგმის მოთხოვნებს და ორგანულად ეწერებოდნენ გლობალურ სამოქმედო სტრატეგიაში.
მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
- კალენდარი და სეზონის მოცემული პერიოდი,
- გუნდის საერთო და კონკრეტული მიზნები,
- თანამედროვე თამაშის მოთხოვნები,
- ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ჩართულია ვარჯიშისა და თამაშის პროცესში.
აქედან გამომდინარე, ვიდრე წარმოგიდგენდეთ ~კომპლექსური ვარჯიშის~ თეორიულ და პედაგოგიურ პრინციპებს, ისევე როგორც მის სხვადასხვა ფორმებსა და გამოყენების ხერხებს, ჩვენ განვიხილავთ ზემოთ ჩამოთვლილ ყოველ ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ნებისმიერი მწვრთნელის მიერ მისი ძირითადი მოვალეობის შესასრულებლად, რაც გუნდის შეჯიბრებისათვის მომზადებასა და წარმატების მიღწევაში გამოიხატება.