ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

ვარჯიშის დაგეგმვა


 

 

ვარჯიშის დაგეგმვა და მართვა

 

მიზნები

წინამდებარე ლიტერატურა განკუთვნილია საფესტივალო ასაკის (8-14 წწ.) გუნდის მწვრთნელებისათვის.

სწორად დაგეგმოს და წარმართოს საწვრთნელი პროცესი დამწყები მორაგბეებისათვის, რაც გულისხმობს:

    • დაადგინოს გუნდის მომზადების დონე
    • განსაზღვროს პედაგოგიური მიზნები
    • დაგეგმოს შესაბამისი საწვრთნელი ციკლი
    • გაუძღვეს ვარჯიშს
    • შეაფასოს მოთამაშეები

მართოს გუნდი შჯიბრისას:

    • მოაგვაროს ლოგისტიკა
    • მოამზადოს გუნდი შეჯიბრისათვის
    • მართოს კოლექტივი
    • უზრუნველყოს სპორტული სულისკვეთება
    • იმსაჯოს შესაბამისი დონის თამაში

 

მწვრთნელის პროფესია

მწვრთნელის პროფესია პიროვნებას რამდენიმე აუცილებელ მოთხოვნას უყენებს, რომელთაგან თუნდაც ერთის შეუსრულებლობა გამორიცხავს ან მინიმუმამდე ამცირებს  წარმატების მიღწევის ალბათობას.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვრთნელობა ე.წ. შემოქმედებითი პროფესიების რიგს განეკუთვნება. ეს განსაკუთრებით კარგად სჩანს სპორტის გუნდურ სახეობებში, სადაც მწვრთნელის როლი იგივეა, რაც რეჟისორის ან დირიჟორისა, რომლის გარეშეც თუნდაც საუკეთესო შემსრულებლებისგან შემდგარმა ჯგუფმა შესაძლოა თავი ვერ გაართვას ნაწარმოების მაღალ დონეზე შესრულებას. ამავე დროს, როგორც ნებისმიერი შემოქმედი, მწვრთნელიც სრულყოფილებისაკენ უნდა ისწრაფვოდეს და შეგუებული უნდა იყოს იმ აზრს, რომ მისი ოცნების იდეალურ გუნდს ვერასოდეს შექმნის. ეს გარემოება პიროვნებისაგან დიდ ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენის აზრით, მწვრთნელისათვის აუცილებელი უპირველესი მოთხოვნა მიზანდასახულობა და მოთმინების უნარია. პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია წლების, ხანდახან ათეული  წლების, განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშაოს მიზნის მისაღწევად და არ ჩამოუშვას ხელები დროებითი, თუნდაც სერიოზული, წარუმატებლობების შემთხვევაში, კარგი მწვრთნელი ვერ გახდება.

მეორე აუცილებელი მოთხოვნა, რომელსაც მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს, პროფესიონალიზმია, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ესენია:

  • მოთამაშეებთან ურთიერთობის უნარი
  • თამაშის კარგი ცოდნა
  •  საწვრთნელი პროცესის დაგეგმვა და მართვა

განვიხილოთ თითოეული მათგანი დამწყებ მორაგბეებთან მიმართებაში

მოთამაშეებთან ურთიერთობის უნარი

საწვრთნელი პროცესის მიზნები

მაღალი დონის მორაგბის ჩამოყალიბება რამდენიმე საფეხურისაგან შედგება, ესენია:

  • მოზიდვა
  • დამაგრება
  • დაოსტატება
  • დახვეწა

 

წინამდებარე კურსი პირველ ორ ეტაპს მოიცავს. მომავალი მორაგბის ფორმირების ამ საფეხურზე საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის მიზნები საკმაოდ სპეციფიურია და სრულიად განსხვავდება მომდევნო ორი ეტაპისაგან. კერძოდ, თუ დაოსტატებისა და დახვეწის ეტაპზე , როგორც დასახელებიდან ჩანს, მწვრთნელის მიზანს მორაგბის ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის მაქსიმალური ამაღლება წარმოადგენს, მოზიდვისა და დამაგრების ეტაპზე მთავარია ბავშვებს შევაყვაროთ რაგბი, გავაცნოთ სარაგბო ეთიკა, რაგბის დაწერილი და დაუწერელი კანონები, ვაგრძნობინოთ გუნდური სულისკვეთება, მივაღებინოთ სიამოვნება ამაშისაგან და საბოლოო ჯამში ხელი შევუწყოთ იმას, რომ მოზარდმა არჩევანი რაგბის სასარგებლოდ გააკეთოს.   

როგორც ვხედავთ, ამოცანა საკმაოდ რთული და თავისებურია, რაც თამაშის კარგ ცოდნასთან ერთად, ბავშვებთან ურთიერთობის უნარსა და სწავლების განსაკუთრებული მეთოდიკის ფლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომაა, რომ მოწინავე სარაგბო ქვეყნებში ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელებს - აღმზრდელებს - უწოდებენ.

 

 

მიზნის მიღწევის საშუალებები

ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად მწვრთნელისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. პირველ რიგში მან უნდა მოახერხოს ბავშვებთან ურთიერთპატივისცემაზე და არა შიშზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

 მწვრთნელი სამაგალითო უნდა იყოს ბავშვებისათვის, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ თავისი გარეგნული სახით, ქცევით, ლექსიკით და ა.შ.

მწვრთნელს უნდა შეეძლოს თავისი მოსაზრების ბავშვებისათვის გადაცემა მათთვის გასაგები და ამავე დროს  კორექტული ლექსიკის გამოყენებით. ახსნისას ყურადღება უნდა მიექცეს ხმის ტემბრსა და ჟესტიკულაციას.

უნდა ვეცადოთ წავახალისოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა.  გვახსოვდეს, რომ თუ ბავშვს მკაცრად ავუკრძალავთ ერთი შეხედვით გულუბრყვილო და მიამიტური კითხვების დასმას, ამით უნებურად ხელს შევუშლით მასში ანალიზისა და სწორი  არჩევანის დამოუკიდებელად მიღების უნარის განვითარებას.

ბავშვებთან ურთიერთობისას ძალზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი ხუმრობასა და სიმკაცრეს შორის. ე.წ. „ყაზარმული“ დისციპლინის დამყარება არ არის მიზანშეწონილი, ამავე დროს უნდა ვერიდოთ მოთამაშეებთან ზედმეტად მეგობრული, „ფამილიარული“ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ბავშვები მუდმივად უნდა გრძნობდენენ, რომ გუნდში ქცევის მიღებული ნორმების დაცვას სწორედ მწვრთნელი უზრუნველყოფს და არა სხვა რომელიმე პიროვნება.

 მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ხუმრობა და დაცინვა. ეს უკანასკნელი საერთოდ უნდა გამოირიცხოს, მით უმეტეს, როდესაც ბავშვის გარეგნობას ან სხვა რომელიმე თავისებურებას (მაგ. მეტყველება, კუთხურობა და ა.შ.) ეხება. დაცინვა ხშირად უფრო ღრმა და გამოუსწორებელ კვალს ტოვებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე ვიდრე თუნდაც დაუმსახურებელი დისციპლინარული სასჯელი.

 უდიდესი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის კორექტულ დამოკიდებულებას მსაჯების, კომისრების და თამაშის მომსახურე სხვა ოფიციალური პირებისადმი. მწვრთნელის მხრიდან მათ მიმართ არაკორექტულობისა და აგრესიის გამოვლენა, როგორც წესი, მოთამაშეების, მათი მშობლების და გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი ქცევის მიზეზი ხდება.

 უნდა ვეცადოთ, რომ ფესტივალებისას ყველა ბავშვს ერთნაირი სათამაშო დრო მივცეთ. ამ ეტაპზე ბავშვი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ იმ სტრესისაგან, რასაც მთელი თამაშის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და აქედან გამომდინარე, თანაგუნდელების, საგულშემატკივროდ მოსული მშობლებისა და ნაცნობ მეგობრების წინაშე უხერხულობა ქმნის. ეს გარემოება ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და მას არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს, რისგან განთვისუფლებაც უკიდურესად  რთული და ხანგრძლივი პროცსია და ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება.

მწვრთნელის მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს, მოთამაშეებში სიტუაციის შეფასებისა და სწორი არჩევანის გაკეთების უნარის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად 2  პირობის შესრულებაა აუცილებელი:

  • არ შევუზღუდოთ ბავშვებს აზროვნების თავისუფლება  

ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ მოთამაშეს მუდმივად არ ვიძულებთ დაემორჩილოს ჩვენს მითითებებს და  ვაცლით თვითონ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

  • არ წავართვათ ბავშვს შეცდომის უფლება

ვარჯიშისა და თამაშისას ბავშვს უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება გამოსცადოს ესა თუ ის ტექნიკური ილეთი. მას არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ უხარისხო შესრულების თუ არასწორი არჩევანის გამო მკაცრად დასჯიან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერასოდეს გაბედავს აირჩიოს მოულოდნელი, არაორდინალური გაგრძელება ან გამოიყენოს ახალი უჩვეულო ტექნიკური ილეთი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ვარჯიში და საფესტივალო თამაშებია ის ასპარეზი სადაც ბავშვმა პრაქტიკულად უნდა გამოსცადოს ნასწავლი თუ სხვაგან ნანახი ნებისმიერი სიახლე. ამიტომ ყოველთვის წავახალისოთ და გავამხნეოთ ბავშვი, როდესაც ის ახალი და ორიგინალური ილეთის შესრულებას ცდილობს. 

საწვრთნელი  და საშეჯიბრო პროცესის თავისებურებანი

დამწყებ მორაგბეებთან მუშაობისას აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტიურ პედაგოგიკაზე, რაც გულისხმობს თამაშისას მათთვის მაქსიმალური თავისუფლების მიცემას. ასეთ შემთხვევაში ბავშვი თვითონ ქმნის „საკუთარ რაგბის“ ანუ გვიჩვენებს თუ რა გზით ცდილობს მოედანზე შექმნილი ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას. ეს მეთოდი გაცილებით უფრო მეტ სასარგებლო ინფორმაციას აძლევს დაკვირვებულ მწვრთნელს მორაგბის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, მის მიერ ათვისებული ცოდნისა და ა.გ. მისი საჭიროებების შესახებ, ვიდრე მოთამაშის მიერ მითითებების თუნდაც ზედმიწევნით ზუსტი შესრულება.

მწვრთნელის მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს, რომ მოთამაშემ ყოველთვის იცოდეს არა მხოლოდ ის თუ როგორ სრულდება, არამედ ისიც თუ რატომ სრულდება ესა თუ ის ტექნიკური ილეთი. რატომ ? და როგორ ? ეს არის ის 2 მთავარი კითხვა, რომლებსაც სწორედ ამ თანმიმდევრობით უნდა გასცეს პასუხი მორაგბემ ნებისმიერი სათამაშო სიტუაციისას.

როგორც აღვნიშნეთ, საწვრთნელი პროცესის მიზნები, მოზიდვისა და დამაგრების ეტაპზე ძალზე სპეციფიურია და სრულიად განსხვავდება მომდევნო ეტაპების მიზნებისაგან. თუ დაოსტატებისა და დახვეწის ეტაპებზე სეზონი შეგვიძლია პირამიდის სახით წარმოვიდგინოთ, რომლის დამაგვირგვინებელი მონაკვეთიც  შეჯიბრი იქნება, მოზიდვისა და დამაგრების ეტაპებზე ამ პირამიდას შებრუნებული სახე ექნება და შესაბამისად შეჯიბრიც მის საფუძველში მოექცევა. უფრო გასაგებად, რომ ავხსნათ - ზრდასრულ მორაგბეებში უმთავრეს მიზანს შეჯიბრი და ა.გ., მოგება წარმოადგენს, ხოლო საწვრთნელი პროცესი მთლიანად ამ მიზნის შესრულებას ემსახურება. ბავშვებსა და მოზარდებში პირიქით, შეჯიბრი (ფესტივალი) წარმოადგენს სავარჯიშო პროცესის ერთ ერთ შემადგენელ ნაწილს, ამიტომ მწვრთნელის დამოკიდებულება მის მიმართ შესაბამისი უნდა იყოს. ეს თამაშები უნდა განვიხილოთ, როგორც საუკეთესო საშუალება იმის შესამოწმებლად, თუ რა აითვისეს მოთამაშეებმა ფესტივალებს შორის პერიოდში და რა პრობლემებზეა სამუშაო მომავალში.  

რა თქმა უნდა, ბავშვისათვის ნებისმიერი თამაში ძალზე მნიშვნელოვანია და გამარჯვებაცა და მარცხიც მასში დიდ ემოციურ სტრესს იწვევს. თუ ამას უფროსების (მწვრთნელი, მშობლები) მხრიდან გაზვიადებული და არაადექვატური რეაქცია დაემატება, შედეგად სპორტული ზეიმისა და თამაშისაგან სიამოვნების მიღების ნაცვლად, ფესტივალი ბავშვებისათვის ძლიერი სტრესისა და იმედგაცრუების წყარო შეიძლება ახდეს.

ყოველივე ზემოთთქმული შეიძლება ბავშვებთან მუშაობის 3 ძირითად პრინციპში გავაერთიანოთ, ესენია:

  • მთავარია ბავშვი - მოგება მეორეხარისხოვანია
  • რაგბი სახალისო უნდა იყოს
  • წავახალისოთ მოთამაშეების  ყოველგვარი მცდელობა და ძალისხმევა

 

როგორი თამაში ? - როგორი მოთამაშე ?

ნებისმიერ მწვრთნელს, რა ასაკობრივი კატეგორიასთანაც არ უნდა მუშაობდეს, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული როგორი თამაშისათვის ამზადებს იგი  გუნდს. წინა მოდულში უკვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე, მაღალი დონის ე.წ. „ტოტალური“ რაგბის ძირითადი მახასიათებლები უწყვეტობა და მუდმივი დინამიკაა. ასეთი თამაში მოთამაშეებისაგან, სხვა აუცილებელ კომპონენტებთან (ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მომზადება) ერთად, უნივერსალიზმსაც მოითხოვს, რადგან დინამიკისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის უმთავრესი პირობა სწორედ მოთამაშეების უნივერსალიზმია. თანამედროვე რაგბიში, დინამიური ფაზებისას, ფაქტიურად იშლება განსხვავება  სხვადასხვა ამპლუის მოთამაშეებს შორის და წინა პლანზე გამოდის მათი უნარი შეასრულონ ის როლი რასაც მათგან კონკრეტული სათამაშო სიტუაცია მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ ანამედროვე, „ტოტალური“ რაგბის სათამაშოდ - უნივერსალური და მოაზროვნე მოთამაშეებია საჭირო. წინამდებარე მოდულში სწორედ იმაზე იქნება საუბარი, თუ როგორ გავზარდოთ ასეთი მოთამაშე. თუმცა აქვე შეიძლება დავასახელოთ ის ორი მთავარი საშიშროება, რომელიც უნივერსალური და მოაზროვნე მოთამაშის ჩამოყალიბებას ემუქრება, ესენია:

  • ნაადრევი სპეციალიზაცია

სამწუხაროდ, ზოგიერთი მწვრთნელი ძალზე ადრეულ ასაკში განსაზღვრავს მოთამაშის სამომავლო ამპლუას. ასეთ დროს, როგორც წესი, ბავშვის ფიზიკური მონაცემებით ხელმძღვანელობენ და ძირითად აქცენტს შესაბამისი პოსტისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ტექნიკის შესწავლაზე აკეთებენ. როგორც ცნობილია, ბავშვის ფიზიკური მონაცემები გარკვეულ ასაკში შეიძლება ძალზე მნიშვნელოვნად შეიცვალოს და საერთოდ აღარ შეეფერებოდეს მწვრთნელის მიერ მისთვის წინასწარ განსაზღვრულ პოსტს. ასეთ შემთხვევაში დაიკარგება ის ძვირფასი დრო, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა ბავშვისათვის საბაზო ტექნიკა გვესწავლებინა, რომელიც თანამედროვე რაგბიში, ყველა მოთამაშისათვისაა აუცილებელი რა ადგილზეც არ უნდა თამაშობდეს ის. გარდა ამისა, ასეთი ცალმხრივი განვითარება გამორიცხავს უნივერსალიზმს და აქედან გამომდინარე, მაღალი დონის მოთამაშის ჩამოყალიბებას.

  • „დიდი რაგბის“ კოპირება

ეს შეცდომა, როგორც წესი ისეთ მწვრთნელებს მოსდით, რომლებმაც ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა არ იციან და რაგბის  მხოლოდ (თუნდაც უმაღლესი დონის) სათამაშო გამოცდილებით  იცნობენ. ასეთი მწვრთნელები ცდილობენ საფესტივალო ასაკის გუნდებში უმაღლესი დონის მოთამაშეებისათვის დამახასითებელი ინდივიდუალური და კოლექტიური ტექნიკის ელემენტების კოპირება მოახდინონ რაც, უამრავი მიზეზის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია და დამწყები მორაგბისათვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.  „დიდი რაგბის“ მიბაძვა მხოლოდ დაოსტატებისა და დახვეწის ეტაპებზე არის მიზანშეწონილი, როდესაც მოთამაშე ფიზიკურად და ტექნიკურად უკვე საკმაოდაა მომზადებული.

 

წვრთნის მეთოდები

ყოველ მწვრთნელს ვარჯიშის გაძღოლის ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, თავისებურებები აქვს. მიუხედავად ამ უზარმაზარ მრავალფეროვნებისა  შეიძლება 2 ძირითადი სამწვრთნელო სტილი გამოვყოთ: მწვრთნელზე ორიენტირებული და მოთამაშეზე ორიენტირებული.

მწვთნელზე ორიენტირებული                                                                                                                                  ასეთი სტილის მიმდევარი მწვრთნელი თვითონ იძლევა მზა გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ სათამაშო სიტუაციისათის. იგი მოთამაშეებისაგან მხოლოდ საკუთარი მითითებების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს და აქედან გამომდინარე, გარკვეულ წილად, უზღუდავს მათ დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღებისას.

მოთამაშეზე ორიენტირებული                                                                                                                            ასეთი მწვრთნელი ვარჯიშებისას სხვადასხვა პრობლემურ სათამაშო სიტუაციებს ქმნის და მოთამაშეებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას მათ გადასაწყვეტად, რითაც ხელს უწყობს მოთამაშეებში სწორი ტაქტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მოთამაშეზე ორიენტირებული სტილი ერთად ერთი სწორი სტილია და მწვრთნელმა მხოლოდ ის უნდა გამოიყენოს. სინამდვილეში სამწვრთნელო პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ დროდადრო აუცილებელია მოთამაშეებს  მკაფიო მითითებები მივცეთ და მათ ზუსტ შესრულებას მივაქციოთ ყურადღება. ამიტომ კვალიფიციური მწვრთნელი ორივე ზემოთ ჩამოთვლილ სტილს კარგად უნდა ფლობდეს და შეეძლოს მათი დროული და სწორი გამოყენება.

რაგბის სწავლების ქრონოლოგია

რაგბის სწავლების თანმიმდევრობა სრულიად საპირისპიროა თამაშის თანმიმდევრობისაგან. თუ თამაში  სტატიკური სიტუაციიდან იწყება, სწავლება საერთო დინამიკიდან უნდა დავიწყოთ ხოლო სტატიკა, ასე ვთქვათ, პირამიდის მწვერვალია, რომლის სფუძვლიან შესწავლასაც მორაგბე დაოსტატების სტადიაზე იწყებს, ანუ მას შემდეგ, რაც  საბოლოოდ გაირკვევა მისი სათამაშო ამპლუა.

 

ვარჯიშის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები

უმთავრესი საკითხი, რომელიც მწვრთნელმა ვარჯიშის გაძღოლისას უნდა გაითვალისწინოს არის უსაფრთხოება. მწვრთნელის უპირველესი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოთამაშის აბსოლუტური უსაფრთხოება. ამ მიმართულებით აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხებია:

მოედნისა და ეკიპირების შემოწმება

  • უნდა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთ მოთამაშეს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.
  • სავარჯიშო არე უნდა გაიწმინდოს ყველა იმ სახიფათო საგნისაგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მოთამაშეების ჯანმრთელობას.  უნდა დაიფაროს ან უკიდურეს შემთხვევაში მოინიშნოს სახიფათო ადგილი.
  • მოთამაშეებს უნდა მოვთხოვოთ ყველა იმ საგნისაგან განთავისუფლება, რომელმაც შეიძლება ტრავმა მიაყენოს მას ან სხვა მოთამაშეს (საათი, სამაჯური, ყელსაბამი და სხვა).
  • უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მოთამაშეს აქვს კაპი

 

უსაფრთხოდ თამაში

  • მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მსაჯობა „პედაგოგიური“ უნდა იყოს მწვრთნელმა მკაცრად უნდა აკონტროლოს უსაფრთხო თამაშის წესების დაცვა. რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს სახიფათო ან ბინძური თამაშის არც ერთი შემთხვევა (მაღალი ბოჭვა, ფეხის დადება, დაგვიანებული ბოჭვა და ა.შ.)

 

პირველი სამედიცინო დახმარება

  • ვარჯიშისას მოთამაშეთა სიცოცხლესა და  ჯანმრთელობაზე  მწვრთნელი აგებს პასუხს. ამიტომ აუცილებელია, რომ მას შეეძლოს პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

 

აღდგენა და წყალი

  • ბავშვებს სჩვევიათ „ვარჯიშით გართობა“, რაც გადაღლისა და მასთან დაკავშირებული გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთანავე პულსის სიხშირე ბავშვებში უფრო მაღალია ამიტომ მათი ორგანიზმიდან სითხე უფრო სწრაფად ორთქლდება. აქედან გამომდინარე  მწვრთნელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ვარჯიშისას აუცილებელია პაუზები აღდგენისა და წყლის რეგულარული   მიღებისათვის. ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ ვარჯიშებზე წყლის ტარებას და ავუხსნათ ჰიდრატაციის მნიშვნელობა.

 

<p style="margin: 0cm 0cm 10pt 18pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: Cal


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf