ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

რაგბის არსი ისაა, რომ ორმა გუნდმა -- ვაჟკაცურ შეჯიბრში, სპორტული ადათისა და წესების დაცვით -- ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლების-და-გვარად მეტი ქულა. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, ვინც მეტოქეზე მეტი ქულა მოკრიფა. წიგნში მოტანილი წესები სრულია -- შეიცავს ყველაფერს, რაც თამაშის სწორად და სამართლიანად წარმართვისთვისაა საჭირო. რადგან რაგბში ნება-დართულია ფიზიკური კონტაქტი, თამაში ხიფათიანია და მონაწილეთა მიერ წესების დაცვაც -- არსებითი. მორაგბეს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოება. იგი ისე უნდა იყოს ნაწრთობი, ნავარჯიშები და გაწაფული, რომ თამაში ამ წესების მიხედვით შეძლოს

მწვრთნელისა და მასწავლებლის ვალია, მოთამაშე ისე მოამზადოს, რომ ამან წესები დაიცვას და უსაფრთხოდაც ითამაშოს. მსაჯი მოვალეა, თამაშის ყველა წესი ყოველ მატჩში ზუსტად ამოქმედოს, რაგბის კავშირს კი იმისი უზრუნველყოფა ეკისრება, რომ ნებისმიერი დონის თამაში წესიერად წარიმართოს. ეს მარტო მსაჯის ძალის-ხმევით ვერ მიიღწევა -- მას კავშირმა,

რეგიონებმა, კლუბებმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმაც უნდა შეუწყონ ხელი. კავშირმა უნდა შეიმუშაოს ჭაბუკთა ზრდის პროგრამა. მის თანახმად მოზარდები თანდათან, თავის დროზე უნდა ეზიარონ რაგბის სათანადო ფორმას, რაც მათ დაშავებისგან მეტად დაიცავს. ასეთი პროგრამის შინაარსი კავშირმა თავად უნდა მოიფიქროს თავის წიაღში არსებული, უნიკალური გარემოსა და მახასიათებლების გათვალისწინებით.

 

2017 წელს “მსოფლიო რაგბის” ექსპერტებმა წესები მთლიანად გადაწერეს -- გაამარტივეს და დაამოკლეს, რითაც ზოგი რამ კი გამორჩათ, მაგრამ წესთა გაგება და თარგმნაც გაადვილდა. გაჩნდა ახალი ცნებები: [შერკინების] ზონა, [აუტის] მიჯნა, [თამაშის] ფაზა ... თარგმანში კი ჩავნერგეთ “ | “ -- ან; “ ... “ გამოვიყენეთ ფრაზის | “რამდენიმე სიტყვიანი ცნების” შესაკრავად, ხოლო [ ... ] -- [უკეთ გასაგებად, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად].

 ცნებები

ადგილზე გამავალი | გავლებული | გატარებული ხაზი -- თუ საპირისპირო არ თქმულა, ყოველთვის „კიდის ხაზის“ პარალელურია.

ალალად დაჭერა -- თამაშის შეჩერებისა და თავისუფალის მოპოვების ხერხი: მოთამაშემ თავის 22-ში | ლელოში პირდაპირ უნდა დაიჭიროს მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი და “ალალი!” დაიძახოს.

არე -- [სათამაშო] მოედანი და ლელოები. “კიდის ხაზები”, “ლელოს კიდის ხაზები” და “უკანა ხაზები” არეს არ ეკუთვნიან.

არეკნი[თ] -- დარტყმა: ხელ[ებ]ით ჭერილ ბურთს ძირს განზრახ დააგდებენ და მიწიდან პირველივე არეკნისას დაარტყამენ ფეხს.

ასპარეზი -- 1. წესში, გეგმაზე გამოსახული მთელი მიდამო.

ასტრონომიული დრო -- ითვლება უწყვეტად | საათის გაუჩერებლად >> შეადარეთ “სათამაშო დროს”

აუტის მიჯნა -- მოედანზე, კიდის ხაზის მართობულად, იმ ადგილზე გატარებული წარმოსახვითი ხაზი, სადაც ბურთი კიდიდან უნდა მოაწოდონ. მიჯნა კარის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალში ვერ იქნება.

ახლოს -- 1 მეტრის ფარგალში.

ბინძურად თამაში -- [სათამაშო] გარემოში ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც 9. წესს არღვევს: გზის შეკვრა, უპიროდ თამაში, ზედიზედ დარღვევა, სახიფათოდ თამაში და უწესობა.

ბოლო ფეხი -- შერკინებაში | რაქში | მოლში ჩაბმულ გუნდელთა ის ფეხი, რომელიც მათი ლელოდან ყველაზე ახლოა.

ბოჭვა -- ბურთიანის დაჭერა და [მიწაზე] წაქცევა.

ბურთიანი -- მოთამაშე, ვისაც ბურთი უჭირავს | ვინც ბურთს ფლობს.

ბურთით ითამაშა -- მოთამაშე ბურთს განზრახ შეეხო.

ბურჯი -- პირველი ხაზის განაპირა მორკინალი. ***

გადაღმა, უკან, წინ დგომა | ყოფნა -- მოთამაშე “სათანადო ადგილზე” ორივე ფეხითაა [თუ არ ეწინააღმდეგება საღ აზრს].

გადაცემა | გადაწოდება [პასი] -- მოთამაშემ სხვას ბურთი ხელით გადაუგდო | უტყორცნელად გადასცა.

განახლება -- ოცდა ორიდან [22] არეკნით დარტყმა ლელოს დაცვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში. ***

გარემო -- [სათამაშო] არე და მისი გარემომცველი ზოლი, რომელსაც “პერიმეტრი” ჰქვია.

გაშეშებული | გაშლილი მკლავი -- ბოჭვის | დაჭერის აკრძალული ხერხი: მოთამაშე მეტოქეს “გაშლილ მკლავს” ურტყამს.

გაძევება [ბოლომდე] -- მსაჯი დამრღვევს წითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ “იმ მატჩში” მეტად ვეღარ ითამაშებს.

გაძევება [დროებითი] -- მსაჯი დამრღვევს ყვითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ თამაშს დროებით [მეტწილად 10 წუთით] უნდა გამოაკლდეს.

გვირაბი -- მეტოქე “პირველ ხაზებს” შორის მოქცეული სივრცე. ***

გზის შეკვრა [ბლოკი] -- მოთამაშეს წესის დარღვევით აფერხებენ და თამაშში ხელს უშლიან.

გოლი -- ბურთი მოედნიდან დაარტყეს “მიწიდან” ან არეკნით და მან მეტოქის კარის ხარიხას გადაუფრინა.

გუნდელი -- მოთამაშის გუნდის სხვა წევრი.

გუნდი [რაზმი] -- მოთამაშეთა ჯგუფი: [მეტწილად] 15 პირი, რომლებიც თამაშს | მატჩს იწყებენ, და მათი შემცვლელები | სათადარიგოები [მარქაფა].

დამცველი -- გუნდი, რომლის [მოედნის] ნახევარზეც მიმდინარეობს თამაში.

დამჭერი -- მოთამაშე, ვისაც მიწაზე დადებული ბურთი ხელით იმიტომ უჭირავს, რომ გუნდელმა ფეხი[თ] დაარტყას.

დარტყმა -- ბურთისთვის ფეხის დარტყმა მუხლზე ქვემო ნებისმიერი ნაწილით, ოღონდაც მუხლისა და ქუსლის გამოკლებით. დარტყმის შედეგად ბურთი “ხელის მტევანს” უნდა *** მოშორდეს, ან მიწაზე თვალსაჩინოდ გადაადგილდეს.

დგომელა | ზეზეულად -- მოთამაშე მიწას მხოლოდ ტერფებით ეხება და წაქცეულებს არ ებჯინება.

დერეფანი -- თითო გუნდიდან მინიმუმ ორ-ორი მოთამაშის “მწკრივად დადგომა” [გამწკრივება] იმ მიზნით, რომ ამათ კიდიდან მოწოდებული ბურთის დასაუფლებლად იბრძოლონ.

დერეფნელი -- დერეფანში [ჩა]მდგარი მოთამაშე.

დერეფნის მონაწილენი -- დერეფნელები, გუნდიდან [მაქსიმუმ] თითო მიმღები, მომწოდებელი, მისი [უშუალო] მეტოქე.

ზონა -- მოედნის ის ნაწილი, სადაც შეიძლება შერკინების მოწყობა | დაყენება | გამართვა.

თავისუფალი -- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება დარღვევისათვის | რომელიც გუნდს ერგება “ალალზე დაჭერისთვის”.

თამაშ-გარეთ [ოფ-საიდ] -- პოზიციური დარღვევა: მოთამაშე ისეთ ადგილზეა, რომ არ უნდა ითამაშოს, თორემ დაჯარიმდება = თუ ითამაშებს -- დაჯარიმდება.

კავშირი -- “მსოფლიო რაგბის” მიერ ხელ-დასხმული ორგანიზაცია, რომელიც პასუხს აგებს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეში მატჩების დაგეგმვასა და გამართვაზე.

კაპიტანი -- გუნდის მიერ არჩეული მოთამაშე, რომელიც მასვე წინამძღოლობს, ეთათბირება მსაჯს და ამის შეკითხვაზე არჩევანს “აკეთებს”.

კარის ხაზი -- მოედნის მოკლე “შემომსაზღვრელი ხაზი”,

რომელიც მას არ ეკუთვნის.

კვართი -- ზედა ტანის სამოსი, რომელიც არაა მიკერებული | მიმაგრებული შორტსა და საცვალზე.

კვაჭი [ჰუქერ] -- პირველი ხაზის შუა მორკინალი. ***

კიდე -- [სათამაშო] მოედნის მეზობელი | მოსაზღვრე ზოლი: კიდის ხაზები და იქეთ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf