ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თამაშის ცოდნა


 

თამაშის ცოდნა

 

 

 

ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული განსაზღვრების მიხედვით: რაგბი არის კოლექტიური ორთაბრძოლის თამაში, რომლის მთავარი პრინციპია ორგანიზებული წინსვლა ბურთით და უბურთოდ.

სხვა კოლექტიური სათამაშო სახეობებისაგან რაგბის ორი ძირითადი თავისებურება გამოარჩევს. პირველი, როგორც აღვნიშნეთ, არის ბურთისათვის კოლექტიური ბრძოლა, ხოლო მეორე ქულების მოპოვების წესია, რომლის თანახმადაც ბურთიან მოთამაშეს 2 სამიზნე გააჩნია: ჩათვლის მოედანი (რომლის სიგანეც მთელი მოედნის სიგანის ტოლია) და კარი. აქედან გამომდინარე, რაგბიში, ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და სპორტის სხვა მსგავსი სახეობებისაგან განსხვავებით, ბურთიანი მოთამაშე მოწინააღმდეგისათვის მოედნის კიდეზეც ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც კარის უშუალო სიახლოვეს. ამგვარად შემტევ გუნდს, ისევე როგორც ბურთიან მოთამაშეს, ჩათვლის მოედნისაკენ ბურთის წაღება ორგვარი ტრაექტორიით შეუძლია, პირდაპირ (ჩათვლის მოედნის პერპენდიკულარულად) და ცერად (ჩათვლის მოედნის პარალელურად).

თამაშის ფაზები

თამაშის მიმდინარეობისას შექმნილი სიტუაციები 3 ძირითად კატეგორიად იყოფა და მათ თამაშის ფაზებს უწოდებენ. ესენია:

სტატიკა

სტატიკურია თამაშის ის ფაზები, რომელთა დროსაც ბურთი და მოთამაშეები არ მოძრაობენ. სტატიკურ ფაზებს თამაშის დაწყებისა და განახლების მომენტები განეკუთვნება. რაგბიში სულ 6 სტატიკური ფაზაა:     

  • საწყისი დარტყმა
  • 22 მ.-იანი დარტყმა
  • ჯარიმა
  • თავისუფალი
  • შერკინება
  • აუტი    

შეჯგუფებები

შეჯგუფებებს განეკუთვნება ის სათამაშო ფაზები, რომელთა დროსაც ბურთისათვის ბრძოლა ან ბურთით მოძრაობა ჯგუფურად ხდება. ჯგუფური თამაშის ფორმებია:

მოლი

მოლი ყალიბდება, როდესაც ფეხზე მდგომი ბურთიანი მოთამაშე და მასთან შეკრული პარტნიორი კონტაქტში შედის მცველთან.  მოლის ჩამოყალიბებისთანავე იქმნება თამაშგარეს ხაზი და დაცვას ეკრძალება მოლის შეჩერება მიწოლის გარდა სხვა რაიმე ხერხით. მოლის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ  აიძულებს  მოწინააღმდეგეს, შემტევი გუნდის წინსვლის შესაჩერებლად, მოახდინოს დიდი რაოდენობით მოთამაშეების კონცენტრაცია მოედნის მცირე მონაკვეთზე და ა.გ. დაასუსტოს დაცვა პარალელურ ღერძზე

რაქი

რაქი ყალიბდება, როდესაც ბურთი მიწაზეა ფეხზე მდგომ, მინ. 2 მოწინააღმდეგეს შორის, რომლებიც  კონტაქტში არიან ერთმანეთთან. რაქის ჩამოყალიბებისთანავე იქმნება თამაშგარეს ხაზი და იკრძალება რაქში ხელით თამაში. რაქის დროს ბურთიანად წინსვლა არ ხდება და ამდენად  შეუძლებელია მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით „ჩათრევა“, სამაგიეროდ რაქი იძლევა ბურთის შენარჩუნებისა და სწრაფი განთავისუფლების საშუალებას, რაც ართულებს დაცვის რეორგანიზაციას და ა.გ. ზრდის შეტევისათვის ხელსაყრელი  ინტერვალების გაჩენის ალბათობას.

დინამიური ესტაფეტა

დინამიური ესტაფეტ წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ჯგუფურ და გაშლილ თამაშს შორის. ჯგუფური თამაშის ელემენტებიდან მისთვის დამახასიათებელია შეტევის პერპენდიკულარულ ღერძზე განვითარება, ხოლო გაშლილი თამაშის ელემენტებიდან კი ის, რომ არ ხდება ბურთის დაფიქსირება და ბურთიანი მოთამაშე მოწინააღმდეგესთან კონტაქტისას ახერხებს პარტნიორისათვის  პასის გადაცემას.  დინამიური ესტაფეტა შეტევის უძლიერესი იარაღია, რომლი დაცვას პრაქტიკულად გამოუვალ სიტუაციაში აყენებს.

 

დინამიური, უწყვეტი თამაში

უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძლზე  რაგბიმ ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თამაში გაცილებით უფრო სანახაობრივი გახდა. მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები გუნდები ცდილობენ მაქსიმალურად დინამიური და უწყვეტი რაგბის თამაშს. იგულისხმება ისეთი თამაში, რომლის დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი თამაშის შეჩერება, არა მარტო ტექნიკური წუნის აღმოფხვრის ხარჯზე, არამედ იმის მცდელობითაც, რომ ბურთმა რაც შეიძლება ნაკლებად დატოვოს სათამაშო არე, ეს კი  მოთამაშეებისაგან საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას, სწორ ტაქტიკურ აზროვნებასა და უმაღლესი დონის საშემსრულებლო ტექნიკას მოითხოვს.

 დინამიური, უწყვეტი თამაში, ე.წ. „ტოტალური რაგბი“, შემდეგ ძირითად პრინციპებს ეფუძნება:

  • ორთაბრძოლა - არიდება
  • შეჯგუფება - გაშლა
  • თამაშის ფორმების სწორი და დროული მონაცვლეობა

განვიხილოთ თითოეული მათგანი

 

ორთაბრძოლა - არიდება

რაგბის წესები ბურთიან მოთამაშეს მოქმედების ძალზე დიდ თავისუფლებას ანიჭებს, მაგრამ შეტევაში ნებისმიერი მოქმედება შეგვიძლია ორ ძირითად კატეგორიად დავყოთ, ორთაბრძოლად და არიდებად. აქედან გამომდინარე, ცალკეულ მოთამაშეს ან მთელ გუნდს, ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე, შეუძლია აიჩიოს მოცემულ სიტუაციაში მისთვის უფრო მისაღები სათამაშო სტრატეგია. ნათქვამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მარტივ მაგალითს.

პირველ შემთხვევაში შემტევი მოთამაშე ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე დამცველი, მაგრამ ნაკლებად სწრაფი. ეჭვგარეშეა, რომ ლელოს გასატანად ის უშუალო ფიზიკურ დაპირისპირებას ანუ პირდაპირ (პერპენდიკულარულ ღერძზე) მოძრაობას აირჩევს. თუ ძალთა თანაფარდობას შევცვლით შემტევი მოთამაშისათვის მიზნის მისაღწევად არიდება (პარალელურ ღერძზე მოძრაობა ) უფრო ხელსაყრელი იქნება.

ზემოთთქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 2 სხვადასხვა რაგბი არსებობს. მხოლოდ ერთი მიმართულებით ორიენტაცია ამუხრუჭებს გუნდის პროგრესს. იდეალია, როდესაც მოთამაშე და მთლიანად გუნდი ამ ორივე იარაღით არის აღჭურვილი.

შეჯგუფება - გაშლა

შემტევი გუნდისათვის შეჯგუფების პრინციპი გამოიხატება მცდელობაში თავი მოუყაროს მოწინააღმდეგის რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მოედნის მცირე მონაკვეთზე და შესაბამისად გაანთავისუფლოს რაც შეიძლება დიდი სივრცე შეტევის მომდევნო ფაზაში მონაწილე მოთამაშეებისათვის.

 ამ მიზნის განხორციელება მხოლოდ პერპენდიკულარულ ღერძზე მოძრაობით ანუ ორთაბრძოლის ხერხის გამოყენებით შეიძლება. ამ დროს უმეტესად ჯგუფური თამაშის ფორმები, განსაკუთრებით კი მოლი  იხმარება.

ამის საპირისპიროდ, გაშლის პრინციპი გამოიხატება შემტევი გუნდის მცდელობაში „გაწელოს“ მოწინააღმდეგის დაცვა მოედნის მთელ სიგანეზე და ამგვარად შექმნას შეტევისათვის ხელსაყრელი ინტერვალები.

ამ მიზნის მიღწევა პარალელურ ღერძზე მოძრაობით ანუ არიდების ხერხით შეიძლება.

ზემოთთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ორთაბრძოლის ხერხი იწვევს დაცვის დასუსტებას პარალელურ ღერძზე, ხოლო არიდებისა კი პერპენდიკულარულზე.

ფეხით თამაში

ფეხით თამაში რაგბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკური მიზნების მიღწევასთან ერთად ქულების მოპოვების საშუალებასაც იძლევა. ფეხით თამაშის მიზანი, სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე, მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერი მათგანი ერთ საერთო მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ნებისმიერი დარტყმა (კარში დარტყმის გარდა) იმგვარად უნდა შესრულდეს, რომ დამრტყმელ გუნდს ბურთის დაბრუნების

საშუალება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. სხვაგვარად რომ ვთქვათ ბურთი მეტოქეს უბრძოლველად არ უნდა ვაჩუქოთ და დარტყმის შემდეგ უნდა შეგვეძლოს მაშინვე ვიბრძოლოთ ბურთის დაუფლებისათვის ან ორგანიზებული და აგრესიული დაცვის საშუალებით ვაიძულოთ მოწინააღმდეგე თვითონ დაგვიბრუნოს ის.

რაც შეეხება უწყვეტ დინამიურ თამაშს მისთვის აუცილებელია სამივე ზემოთჩამოთვლილი ფორმის თანაარსებობა და მონაცვლეობა.

 

თამაშის ფორმების სწორი და დროული მონაცვლეობა

თამაშის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობის მიზანია დეზორგანიზება გაუკეთოს მეტოქის დაცვას და გამოიყენოს წარმოქმნილი სისუსტეები. მოწინააღმდეგეს მუდმივად უნდა აწუხებდეს კითხვები: სად მოხდება შეტევა? როდის და რა ფორმების გამოყენებით? ეს გაურკვევლობა ბოლოს და ბოლოს იწვევს დაცვის ორგანიზების დაგვიანებას ან არასწორი დაცვითი სისტემის მოწყობას.

თამაშის ფორმების ცვლა 3 სახის ანალიზს მოითხოვს:

1. იყო თუ არა შეცვლა საჭირო? სხვაგვარად რომ ვთქვათ, იყო თუ არა დაცვა დეზორგანიზებული?

2. თამაშის ფორმის ცვლა ემთხვეოდა თუ არა ზუსტად იმ  მომენტს, როდესაც ძალთა თანაფარდობა შემტევი გუნდის სასარგებლოდ იყო? (როგორც წესი, ეს მომენტი ძალზე მცირე ხანს გრძელდება). ხშირ შემთხვევაში შემტევი გუნდი ახერხებს დაცვის დეზორგანიზებას, მაგრამ ვერ სარგებლობს ამით თამაშის ფორმის დაგვიანებული ან ნაადრევი ცვლის გამო.

3. სწორად იყო თუ არა არჩეული თამაშის მომდევნო ფორმა?

ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ რაგბის თამაშის ცოდნა, განსაკუთრებით კი დინამიური უწყვეტი თამაშისა, ეს არის, ერთის მხრივ, თამაშის სამივე ფორმის სრულყოფილი ფლობა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგის დაცვითი სისტემის გათვალისწინებით, თამაშის ერთი ფორმიდან მეორეზე ყველაზე ხელსაყრელ მომენტში გადასვლის უნარი.

დაცვა

თანამედროვე რაგბიში კოლექტიური დაცვის რამდენიმე სისტემა გამოიყენება. ამჯერად მხოლოდ 2 მათგანზე შევჩერდებით

სარკისებური ანუ „კაცი კაცზე“:

გამოიყენება დაცვისა და თავდასხმის რიცხობრივი ტოლობისას. სარკისებური დაცვისას ხაზის აწევა რაც შეიძლება სწრაფად და აგრესიულად ხდება. ამ დროს დამცველების მოძრაობის ტრაექტორია მათი უშუალო მოწინააღმდეგეებისაკენაა მიმართული, რაც შემტევ გუნდს სამოქმედო დროსა და სივრცეს მაქსიმალურად უმცირებს.

ჩარეკვა“:

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვა რიცხობრივ უმცირესობაშია. ჩარეკვის დროს ხაზის აწევა გაცილებით უფრო ნელი და პასიურია, მცველები ბურთის მოძრაობის მიმართულებით გადაადგილდებიან ვიდრე რიცხობრივ ტოლობას არ აღადგენენ,  რაც აუცილებლად იწვევს მოედნის წაგებას. ამიტომ დაცვის ამ სისტემის გამოყენებას საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს აზრი არა აქვს.


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf